суббота, 19 июля 2014 г.

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ახალი ბიომარკერი

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ახალი ბიომარკერი

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ახალი ბიომარკერი -

PEAK1, რაც ხელს შეუწყობს კიბოს უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და შესაბამისად, გაზრდის კიბოს საწინააღმდეგო ახალი წამლის შემუშავების შესაძლებლობას, იტყობინება Xinhua.

კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრების ადენოკარცინომა ონკოლოგიური დაავადების უაღრესად მძიმე სახეობას წარმოადგენს. ამ დიაგნოზით პაციენტები საშუალოდ წელიწადზე ნაკლებს ცოცხლობენ, ხოლო 5 წლის სიცოცხლის შანსი მხოლოდ 3-5%-ს აღენიშნება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის ჯონატან კელბერის თქმით, პროტეინ PEAK1 ვლინდება პაციენტის სიმსივნის ბიოფსიურ მასალაში და დაავადებული თაგვების ორგანიზმში. PEAK1 თიროზინკინაზის ტიპის პროტეინია, რომელიც აჩქარებს ქიმიურ რეაქციებს და ასრულებს უჯრედული ფუნქციების გადამრთველის როლს.

როგორც აღმოჩნდა, პაციენტებში ფერმენტის ექსპრესია იზრდება კიბოს განვითარებასთან ერთად, ხოლო მისი როგორც კატალიზატორის აქტივობა, რაც მნიშვნელოვანია კიბოს უჯრედების გამრავლებისთვის, ზრდისა და მეტასტაზირებისთვის, აქცევს მას საუკეთესო სამიზნედ თერაპიისა და კვლევისათვის.

დღესდღეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფერმენტ PEAK1-ის მოცილება კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრების ადენოკარცინომის უჯრედებიდან  ექსპერიმენტულ ცხოველებში ამცირებს სიმსივნის ზომებს და ხელს უშლის მეტასტაზების განვითარებას.

სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий